English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ თენგიზ ვერულავა
ჯანმრთელობის რწმენის მოდელზე დაფუძნებული COVID-19 ვაქცინაციაზე მზაობა ჯანდაცვის მუშაკებს შორის საქართველოში

  ჟურნალი N 2. 2023

სტატიაში შეფასებულია ჯანმრთელობის რწმენის მოდელის საფუძველზე ჯანდაცვის მუშაკებში COVID-19 ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულება ,გამოვლენილია ის პოტენციური ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზე ვაქცინაციის მიმართ. COVID-19 ვაქცინაციის წარმატება დიდწილად ეყრდნობა საზოგადოების სურვილს, ჩაიტაროს ვაქცინაცია.COVID-19 ვაქცინაციის მიღება განსხვავდება სოციო-დემოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, პროფესია, განათლების დონე, საშუალოთვიური შემოსავალი და საცხოვრებელი ადგილი, სარგებლებისა და ბარიერების აღქმა და ქმედებებისკენ სიგნალები. კვლევამ აჩვენა მედიცინის მუშაკებში ვაქცინაციის მიღების მზაობის მაღალი მაჩვენებელი. ჯანმრთელობის რწმენის მოდელის ასპექტებიდან ვაქცინაციის ჩატარების მზაობა ზეგანსაკუთრებული როლი ითამაშა ქმედებებისკენ მიმართულმა სიგნალებმა. კერძოდ, ვაქცინაციის ჩატარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სანდო ინფორმაციის მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების, ჯანდაცვის ორგანოების და მედია საშუალებების რეკომენდაციები. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ვაქცინაციის ბარიერების შემცირება და პროცედურების გამარტივება გაზრდის ვაქცინაციის მიღებას ფართო საზოგადოებაში. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ეპიდემიის დროს ვაქცინაციის ხელშეწყობის ეფექტური ინტერვენციების შემუშავებაში.

საკვანძო სიტყვები:COVID-19 ვაქცინაცია, ჯანმრთელობის რწმენის მოდელი, ვაქცინაციის ბარიერების შემცირება, პროცედურების გამარტივება.

შესავალი

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულიდაავადება (COVID-19), რომელიც პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა ჩინეთში, გახდა ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა (WHO, 2020). ვაქცინაციით მოსახლეობის სხვადასხვა ფენის მაღალი მოცვის დონე არის გადაუდებელი აუცილებლობა COVID-19 ეპიდემიის შესაჩერებლად. ექსპერტთა აზრით, კოლექტიური იმუნიტეტის გასავითარებლად, მოსახლეობის მინიმუმ 85% უნდა იყოს ვაქცინირებული (Randolph & Barreiro, 2020).
2022 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში სრულად აცრილია 1.28 მლნ პირი (34%), ხოლო ნაწილობრივ აცრილია 378,330 (10%) პირი. მოსახლეობის 44%-მა (1.65 მლნ პირი) მიიღო კოვიდ-19 ვაქცინის 1 დოზა; სამედიცინო დაწესებულებებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია ექიმების 83%, ექთნების 68% და უმცროსი სამედიცინო პერსონალის 58%, ადმინისტრაციული პერსონალის 70%; 2 დოზით აცრილია ექიმების 81%, ექთნების 64% და უმცროსი სამედიცინო პერსონალის 53%, ადმინისტრაციული პერსონალის 67%. 3 დოზით აცრილია ექიმების 33%, ექთნების 13% და უმცროსი სამედიცინო პერსონალის 10%, ადმინისტრაციული პერსონალის 19% (Mathieuდა სხვ., 2020).
ვაქცინაციის პროგრამების მეშვეობით COVID-19 ინფექციის პრევენცია და კონტროლი დამოკიდებულია არამხოლოდ ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე, არამედ ფართო საზოგადოების მიერ ვაქცინაციის ჩატარების სურვილზე. საზოგადოების მიერ ვაქცინის ჩატარების სურვილზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ექიმების რჩევა. მედიცინის მუშაკები ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა. ამასთან, ისინიმოსახლეობისათვის მისაბაძიმაგალითებიადა აქვთ ძლიერი გავლენა ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ქცევაზე.
ვაქცინაციის მიმართ მერყევი დამოკიდებულება (აიცრას თუ არა?) განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის მუშაკები COVID-19 დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მთლიანი მოსახლეობა, კვლევები ადასტურებს COVID-19 ვაქცინაციის მიმართ მათ მერყეობას და ვაქცინების შესახებ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ისინი გამოხატავდნენ თავიანთ შეშფოთებას ვაქცინების უსაფრთხოებასთან და ხანგრძლივ გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით. ამრიგად, მედიცინის მუშაკებს შორის ვაქცინაციის მიმართ ყოყმანობას შეიძლება ჰქონდეს ფართომასშტაბიანი ნეგატიური გავლენა ვაქცინაციის მიღებაზე მოსახლეობაზე მთლიანად.
კვლევის მიზანს შეადგენდა ჯანმრთელობის რწმენის მოდელის საფუძველზე ჩვენი ჯანდაცვის მუშაკებში COVID-19 ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულების შეფასება და იმ პოტენციური ფაქტორების გამოვლენა, რაც გავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზე ვაქცინაციის მიმართ.


შედეგები


კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული იყო რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ თბილისის სამი მსხვილი საავადმყოფოს ექიმები და ექთნები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19 ვაქცინაციის თანხმობაზე და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე - ჯანმრთელობის რწმენის მოდელის გამოყენებით. COVID-19 ვაქცინაციისადმი მზაობის შესახებ კვლევებში ჯანმრთელობის რწმენის მოდელი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. ჯანდაცვის მუშაკებში COVID-19 ვაქცინაციის ჩატარების მზაობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ჯანმრთელობის რწმენის მოდელის 5 მიმართულება: COVID-19-ის მიმართ მგრძნობელობის აღქმა, სიმძიმის და სერიოზულობის აღქმა, სარგებლების აღქმა, ბარიერების აღქმა და ქმედებებისკენ სიგნალები.
კვლევაში ჩართული 468 მონაწილიდან, 457 სამედიცინო მუშაკმა შეავსო კითხვარი (97.7%).რესპონდენტთა შორის ექიმი იყო 45.5% (n=208) დაექთანი 54.5% (n=249). რესპონდენტები ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ (68% n=311).კვლევის მონაწილეთა საშუალო და სტანდარტული გადახრის ასაკი შეადგენდა 34 ± 23.15, შესაბამისად. რესპონდენტთა უმრავლესობა იყო ქალაქიდან (89%;n=408),დაქორწინებული(70%), მიღებული ჰქონდა მაგისტრის ხარისხი (46%) და თითქმის ნახევრის (44%; n=203) ხელფასი შეადგენდა 1000-1999 ლარს. რესპონდენტთა 81% (n=372) თავისი ცხოვრების პერიოდში მონაწილეობდა იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში (ცხრილი 1).

რესპონდენტთა სოციოდემოგრაფიული მახასიათებლები და მათ მიერ COVID-19 ვაქცინაციის მიღება

ცხრილი 1.

 

COVID-19 ვაქცინაციის ჩატარებაზე რესპონდენტთა 84%-მა (n=384) განაცხადა თანხმობა, მათ შორის ექიმთა 87%-მა (n=181), ხოლო ექთნების 82%-მა (n=203). ვაქცინაციის სურვილიუფრო მაღალი იყო მამრობითი სქესის მედიცინის მუშაკებში (85%), ვიდრე მათ კოლეგა ქალებში (77%)(p <.01). 45 წელს ზევით ასაკის ადამიანებმა უფრო მეტად გამოხატეს მზადყოფნა ვაქცინაციისთვის (90%), ვიდრე მათზე უმცროსი ასაკის ჯგუფებმა (p<.05). ქალაქებში მცხოვრები, მაგისტრის ხარისხის, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მედიცინის მუშაკებმა გამოხატეს უფრო მაღალი მზადყოფნა COVID-19 ვაქცინაციის მიღებაზე. რესპონდენტებმა, რომლებიც COVID-19 ინფექციის მიმართ აღიქვამდნენ მეტ მგრძნობელობას და ჰქონდათ უფრო მეტი ნდობა COVID-19 ვაქცინის მიმართ, უფრო მეტად გამოხატეს თანხმობა COVID-19 ვაქცინის მიღებაზე.
მათ შორის, ვინც უარი განაცხადა COVID-19 ვაქცინაციის მიღებაზე, უმთავრეს მიზეზებად დაასახელეს COVID-19 ვაქცინის მოკლე დროში შექმნა (n=56; 73.7%), გვერდითი მოვლენების შიში (n=49; 64.5%), ეჭვი ვაქცინის მიმართ (n=45; 59.2%), სანდო ინფორმაციის ნაკლებობაCOVID-19 ვაქცინაციაზე (n=35; 46.1%), მედიის მიერ გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია (n=26, 34.2%). (ცხრილი 2)

COVID-19 ვაქცინის მიღება და არმიღების მიზეზები

ცხრილი 2.

ჯანდაცვის მუშაკების დამოკიდებულება COVID-19 ვაქცინის მიმართ (n = 457)

ცხრილი 3.

რესპოდენტებს ჰქონდათ COVID-19-ით დაინფიცირების მგრძნობელობის თითქმის ერთნაირი აღქმა. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილის (68%) აზრით, პროფესიული საქმიანობის გამო მიდრეკილია COVID-19-ით დაინფიცირებისკენ; 67.8%-ის აზრით, დაინფიცირების შანსი მაღალია მომდევნო რამდენიმე თვეში; 89%-ის აზრით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კარგი ჯანმრთელობა, შეიძლება დაინფიცირდნენ COVID-19-ით; ხოლო 94.1%-ის აზრით, თავიანთი ჯანმრთელობის გამო COVID-19-ით დაინფიცირება შესაძლებელია დიდი ალბათობით.
რესპონდენტებს ასევე ერთნაირი წარმოდგენები ჰქონდათ COVID-19 ინფექციის სიმძიმის შესახებ. უმრავლესობა (68%) დაეთანხმა, რომ COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება და ლეტალური შედეგი; ხოლო 69.2%-მა განაცხადა, COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს საავადმყოფოში მკურნალობა.
მონაწილეებს ჰქონდათ მაღალი წარმოდგენა COVID-19 ვაქცინაციის სარგებლობის შესახებ. უმრავლესობა დაეთანხმა, რომ ვაქცინაცია COVID-19-ის პრევენციის კარგი საშუალებაა (75.1%); 84.7%-ის აზრით, საკუთარი ვაქცინაციით მთელი საზოგადოება სარგებლობს, ხოლო 81.2%-ის აზრით,საკუთარი ვაქცინაციით იცავს პაციენტებს, ოჯახს და ნაცნობებს ინფექციისგან; 74.6%-ის აზრით, COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად, ვაქცინის მაღალი დაფარვა აუცილებელია მთელ მსოფლიოში.
ასევე დაფიქსირდა COVID-19 ვაქცინაციის ბარიერების მაღალი აღქმა. რესპონდენტთა 49.8% გამოთქვა შეშფოთება ვაქცინაციის შესაძლო გვერდითი ეფექტებით, 51.6%-მა გამოთქვა შეშფოთება COVID-19 ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით და 46%-მა COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხოლო 68.9% - მწარმოებლისა და მიწოდების წყაროს სანდოობით.
ქმედებების სიგნალების თვალსაზრისით, რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, COVID-19 ვაქცინაციას ხელს უწყობს სანდო ინფორმაციის მიწოდება (71.3%), ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაცია (63.9%), ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაცია (73.1%), მედიასაშუალებების რეკომენდაცია (70%), დიდი რაოდენობით ადამიანების მიერ ვაქცინაციის ჩატარება (72.6%)

ჯანმრთელობის რწმენის მოდელის ასპექტები:

ცხრილი 4.

ცხრილი 5.

ჯანმრთელობის რწმენის მოდელის ასპექტები: ბარიერების აღქმა (n = 457)

ცხრილი 6.

ჯანმრთელობის რწმენის მოდელის ასპექტები: ქმედებებისკენ სიგნალი (n = 457)

ცხრილი 7.

ტექსტში მოყვანილი ყველა ცხრილის წყაროა ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები

 

დისკუსია

კვლევის მიზანს შეადგენდა COVID-19 ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლა, რათა გავლენა მოვახდინოთ COVID-19-ის ვაქცინით მოსახლეობის დაბალ მოცვაზე.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა მედიცინის მუშაკებს შორის COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მიღების მაღალი მაჩვენებელი (84%). მსგავსი შედეგები იქნა მიღებული სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებიდან (Wang და სხვ. 2021). აღნიშნული მიგვანიშნებს, რომ პანდემიის დროს მედიცინის მუშაკებს გაზრდილი აქვთ ინფიცირების რისკის აღქმა და მისგან დაცვის საშუალებებზე მოთხოვნა (Nemr და სხვ. 2021).
კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 ვაქცინაციის მიღება განსხვავდება სოციო-დემოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, პროფესია, განათლების დონე, საშუალოთვიური შემოსავალი და საცხოვრებელი ადგილი. ვაქცინაციის მიღების ყველაზე მაღალი დონე (90%) დადასტურდა 45 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში, რაც შეიძლება აიხსნას იმ გარემოებით, რომ ასაკობრივ მატებასთან ერთად იზრდება ინფექციური დაავადებებისადმი მგრძნობელობა. ასევე, ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება თანმხლები ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობა, რომლის რისკი კიდევ უფრო მატულობს პანდემიით ინფიცირების შედეგად. აღნიშნული გავლენას ახდენს მათ სურვილზე, ჩაიტარონ COVID-19 ვაქცინა.
ექიმებთან შედარებით, ექთნებს ჰქონდათ COVID-19 ვაქცინის ჩატარების უფრო ნაკლები სურვილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ ექთნების უმეტესობა ქალია, რომელთაც უფრო მეტად აწუხებთ ვაქცინის გვერდითი ეფექტები მათ მომავალ ჩვილებზე, შედეგად სიფრთხილით ეკიდებიან ვაქცინაციის გავლენას ორსულობაზე. გასათვალისწინებელია, რომ ექთნები უფრო მეტ დროს ატარებენ პაციენტებთან და შესაბამისად, აქვთ COVID-19 ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი. ექთნებს შორის ვაქცინაციის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს იმ პირებზე, რომელთაც ხშირი ურთიერთობა აქვთ ექთნებთან პროფესიულ ან პიროვნულ დონეზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ექთნებისა და ჯანდაცვის მუშაკების მეტი ინფორმირება ვაქცინაციის სარგებლობის შესახებ.
ჯანდაცვის მუშაკებში COVID-19 ვაქცინაციის ჩატარების მზაობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ჯანმრთელობის რწმენის მოდელის 5 ასპექტი: COVID-19-ის მიმართ მგრძნობელობის აღქმა, სიმძიმის და სერიოზულობის აღქმა, სარგებლების აღქმა, ბარიერების აღქმა და ქმედებებისკენ სიგნალები. ამ ასპექტებიდან ვაქცინაციის ჩატარების მზაობაზეგანსაკუთრებული როლი ითამაშა ქმედებებისკენ მიმართულმა სიგნალებმა. კერძოდ, ვაქცინაციის ჩატარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სანდო ინფორმაციის მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების, ჯანდაცვის ორგანოების და მედია საშუალებების რეკომენდაციები.კვლევები ადასტურებენ, რომ საზოგადოება ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მეტად მედიცინის მუშაკებს ენდობა, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ გაიგონ საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ და მოძებნონ ვაქცინაციის სტიმულირების გზები (Rapisarda და სხვ., 2021; Hossain და სხვ., 2021).
ვაქცინაციის ჩატარების მზაობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მეცნიერების რეკომენდაციები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება მკვეთრად ზრდიდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას (Lazarus და სხვ., 2023). მეცნიერებისადმი უნდობლობის შემთხვევაში, როდესაც ხდება დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ვაქცინაციას (Mousoulidou და სხვ., 2021). დეზინფორმაციის აღმოფხვრასა და ვაქცინის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი და მისადმი ნდობა. ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ რესპონდენტები, რომლებიც ენდობოდნენ ჯანდაცვის ორგანოების მიერ რეკომენდებულ ვაქცინას, უფრო მეტად ღებულობდნენ COVID-19 ვაქცინას.
COVID-19 ვაქცინაციის ჩატარების ყველაზე გავრცელებულ ბარიერს წარმოადგენს არსებული ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. რესპონდენტებმა გამოხატეს გარკვეული შეშფოთება COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან COVID-19 ვაქცინა სხვა „ძველი“ ვაქცინებისაგან განსხვავებით, შეიქმნა სწრაფად, ეპიდემიის დაწყებიდან მოკლე დროში. აღნიშნულმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ვაქცინაციის მაჩვენებელზე. ამ პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიებში მეტი რესურსების ინვესტირება, საზოგადოებისთვის ადეკვატური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ვაქცინაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების და ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში ფართოდ გავრცელება (Sulik და სხვ., 2021). სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ სამეცნიერო მტკიცებულებები ხელს უწყობს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობას და შესაბამისად ვაქცინაციის მიღებას (Muğaloğlu და სხვ., 2022). თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინაციის ბარიერების დასაძლევად საჭიროა სხვადასხვა სტრატეგიისა და მიდგომის ინტეგრირება და კომბინირება (Brewer და სხვ., 2021).

დასკვნა

COVID-19 ვაქცინაციის წარმატება დიდწილად ეყრდნობა საზოგადოების სურვილს, ჩაიტაროს ვაქცინაცია. კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 ვაქცინაციის მიღება განსხვავდება სოციო-დემოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, პროფესია, განათლების დონე, საშუალოთვიური შემოსავალი და საცხოვრებელი ადგილი,სარგებლების და ბარიერების აღქმა და ქმედებებისკენ სიგნალები.
კვლევამ აჩვენა მედიცინის მუშაკებში ვაქცინაციის მიღების მზაობის მაღალი მაჩვენებელი. ჯანმრთელობის რწმენის მოდელის ასპექტებიდან ვაქცინაციის ჩატარების მზაობაზე განსაკუთრებული როლი ითამაშა ქმედებებისკენ მიმართულმა სიგნალებმა. კერძოდ, ვაქცინაციის ჩატარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სანდო ინფორმაციის მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების, ჯანდაცვის ორგანოების და მედიასაშუალებების რეკომენდაციები.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ვაქცინაციის ბარიერების შემცირება და პროცედურების გამარტივება გაზრდის ვაქცინაციის მიღებას ფართო საზოგადოებაში. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემქმნელებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის, ეპიდემიის დროს ვაქცინაციის ხელშეწყობის ეფექტური ინტერვენციების შემუშავებაში

 

ლიტერატურა:
References:

• Brewer NT., Chapman GB., Rothman AJ., et al. Increasing Vaccination: Putting Psychological Science into Action. Psychol Sci Public Interest 2017; 18(3): 149-207.
• Hossain MB., Alam MZ., Islam MS., Sultan S, Faysal MM, Rima S, Hossain MA and Mamun AA (2021) Health Belief Model, Theory of Planned Behavior, or Psychological Antecedents: What Predicts COVID-19 Vaccine Hesitancy Better Among the Bangladeshi Adults? Front. Public Health 9:711066.
• Lazarus J.V., Wyka K., White T.M. et al. A Survey of COVID-19 Vaccine Acceptance Across 23 Countries in 2022. Nat Med 29, 366–375 (2023).
• MathieuE., Ritchie H., Rodés-Guirao L., Appel C., Giattino C., Hasell J., Macdonald B., Dattani S., Beltekian D., Ortiz-Ospina E., & Roser M. (2020). Coronavirus Pandemic (COVID-19).
• Mousoulidou M., Christodoulou A., Argyrides M., Siakalli M., Constantinou L. Trust in Science and COVID-19. Encyclopedia. 2022; 2(1):602-616. h
• Muğaloğlu E.Z., Kaymaz Z., Mısır M.E. et al. Exploring the Role of Trust in Scientists to Explain Health-Related Behaviors in Response to the COVID-19 Pandemic. Sci & Educ 31, 1281–1309 (2022).
• Randolph HE., Barreiro LB., Herd Immunity: Understanding COVID-19. Immunity. 2020;52(5):737–41. doi:10.1016/j. Immuni.2020.04.012.
• Rapisarda V., Vella F., Ledda C., Barattucci M., Ramaci T. What Prompts Doctors to Recommend COVID-19 Vaccines: Is It a Question of Positive Emotion? Vaccines (Basel). 2021 Jun 1;9(6):578.
• Sulik J., Deroy O., Dezecache G. et al. Facing the Pandemic with Trust in Science. Humanit Soc Sci Commun 8, 301 (2021).
• Nemr N., Kishk RM., Soliman NH., Farghaly RM., Kishk SM., Louis N., "Perception of COVID-19 and Vaccine Acceptance among Healthcare Workers", International Journal of Microbiology, vol. 2022, Article ID 1607441.
• Wong MCS., Wong ELY., Huang J., Cheung AWL., Law K., Chong MKC., Ng RWY Lai CKC., Boon SS., Lau JTF. Acceptance of the COVID-19 Vaccine Based on the Health Belief Model: A Population-Based Survey in Hong Kong. Vaccine. 2021;39 (7):1148–56.
World Health Organization. WHO Director-General's Opening Remarks at the Media Briefing on COVID-19 - 11 March 2020.